საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პარალიმპიადის მონაწილეებს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ.
როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამის სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ პარალიმპიადის მონაწილე სპორტსმენების მწვრთნელებსაც.
„მიდგომა არის ზუსტად ისეთივე, როგორც ოლიმპიელების შემთხვევაში. ისინი წარდგენილები იქნებიან შესაბამის სახელმწიფო ჯილდოებზე ზუსტად იმ პრინციპით, როგორც წარვადგინეთ ოლიმპიელები, ჩემპიონები, პრიზიორები და ასევე მწვრთნელები იქნებიან წარდგენილები შესაბამის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, ამერიკული ტელეკომპანია CNBC-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემიის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული ფულადი ჯილდოს მოცულობით საქართველოს მხოლოდ სინგაპური უსწრებს, სადაც პარალიმპიურ ჩემპიონებს 380 000 აშშ დოლარს გადასცემენ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი, პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემია მილიონი ლარია.