2024 წელს გორის მერიის სოციალური პროგრამით 3 300-მდე მოქალაქემ ისარგებლა და მათ დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 210 000 ლარი გამოიყო.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა არეგულირებს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას, ასევე, ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარებების გაცემას, რაც ნაწილობრივ, ან საერთოდ არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით.
რაც შეეხება ბენეფიციარებს, ვისაც შეუძლიათ მერიის სოციალური დახმარებებით სარგებლობა, ესენი არიან: დედ-მამით ობოლი ბავშვები, ვეტერანები, მრავალშვილიანი ოჯახები, ასი და ასზე მეტი წლის მოხუცები, რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვები, მარტოხელა მშობლები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა (ქირით უზრუნველყოფა), სტუდენტები და სპორტსმენები (სოციალურად დაუცველი), ხანძრებისა და ბუნებრივი მოვლენებით დაზარალებული პირები, შშმ პირები (უსინათლო, სმენადაქვეითებული, ყრუ-მუნჯი), სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, ასევე, სოციალური პროგრამით ფინანსდება სარიტუალო მომსახურებაც.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებს მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ.