ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდის გადავადებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ. შეთავაზებით სარგებლობისთვის, პირმა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადი უნდა გააკთოს.
„საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს, შესაძლებლობა ეძლევათ მოახდინონ დეკლარირებული ვალდებულების გადახდის გადავადება 4 თვით მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე. კერძოდ: განთავსების ობიექტებზე (სასტუმრო, ჰოსტელი, გესტჰაუსი და სხვა განთავსების ადგილები), ტუროპერატორებზე, ტურისტების სატრანსპორტო მომსახურებაზე, ტურისტების კვებაზე, ტურისტების გართობის ობიექტებზე და სხვა“, - მითითებულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.
შეღავათი შეეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს და მათი წარმოდგენის ვადა მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის განმავლობაში გადანაწილდება. როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილ დეკლარირებულ დავალიანებაზე არანაირი იძულების ღონისძიება არ გატარდება, ხოლო დარიცხული საურავი, საშეღავათო პერიოდის დასრულებისთანავე, დაექვემდებარება ჩამოწერას.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდს - www.rs.ge