საზოგადოება
05.09.2024 13:02
მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიას საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა

საქართველოს მთავრობამ მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიას მხარი დაუჭირა.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, დოკუმენტი მომხმარებლის დაცვის სამართლებრივი და ინსტიტუციური ბაზის შემდგომ განვითარებას და მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით უწყებების კოორდინაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ოთხწლიანი სტრატეგია ითვალისწინებს, მათ შორის, საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და პრაქტიკულ ცვლილებებს, მომხმარებლების და ბიზნესის ცნობიერების ამაღლებას, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაუმჯობესებას და სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომელთა გადადგმა საჭიროა სექტორში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად.

„დოკუმენტი მომხმარებელთა დაცვის სფეროში საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა და მოიცავს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალ დღის წესრიგს, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციებს, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ანგარიშებს. სტრატეგია, ასევე, ითვალისწინებს ევროკავშირის უახლეს კანონმდებლობას მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით და 2015 წელს, გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე მიღებულ მიზნებს (Sustainable Development Goals, SDGs) - მსოფლიოს განვითარების „დღის წესრიგი“ 2015-2030 წლებისთვის“, - აცხადებენ სააგენტოში.

მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და სექტორის მარეგულირებელი უწყებების - ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის, სემეკის (ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია), დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით მომზადდა. სამუშაო პროცესში მონაწილეობდნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტში ჩართული საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესასოციაციის წევრები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

შეგახსენებთ, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს მიიღო და მის აღმასრულებელ უწყებად საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) განისაზღვრა.

კვირის ამბები