გორში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში საზეიმოდ გაიხსნა.
საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დელეგაციის წევრები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები ესწრებოდნენ.
ტურნირი 13 წონით კატეგორიაში მიმდინარეობს და ქართველებთან ერთად, ესტონეთიდან, ლატვიიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ჩამოსული მოკრივეები მონაწილეობენ.
ფინალური ორთაბრძოლები 9 სექტემბერს გაიმართება.
რაც შეეხება გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს, თასები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.
ტურნირს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს და ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზირებული სპორტული სკოლის ორგანიზებით იმართება, სპორტის სასახლე მასპინძლობს.
ცნობისთვის, გიორგი კანდელაკი 1974 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში დაიბადა. მოკრივის სახელს არაერთი სპორტული წარმატება უკავშირდება. კანდელაკი მსოფლიოს ჩემპიონის, ვიცე-ჩემპიონის და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელია. გარდა ამისა, სპორტმენი სხვადასხვა ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია.