„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024“-ის ფარგლებში, 3X3-ზე კალათბურთში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა იწყება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, შეჯიბრში ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები იასპარეზებენ.
მსურველებმა განაცხადის ფორმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ბმულზე უნდა შეავსონ. გუნდების რეგისტრაცია 9 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
რაც შეეხება დაჯილდოებას, ტურნირის საპრიზო ფონდი 3 000 ლარია. I ადგილზე გასულ გუნდს 1 500 ლარი გადაეცემა, II ადგილი - 1 000 ლარით დაჯილდოვდება, ხოლო III ადგილის მფლობელი 500 ლარს მიიღებს.
„შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით ჩატარდება. ტურნირზე გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები იასპარეზებენ. აქტივობის მიზანი ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვირდებასთან ერთად, კალათბურთის მასობრიობის გაზრდაა“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მუნიციპალური პირველობა გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საკალათბურთო კლუბი ,,ივერიონის“ ორგანიზებით ჩატარდება.
„შიდა ქართლის სპორტული თამაშები" შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით იმართება.