საზოგადოება
04.09.2024 15:36
სამხედრო მომზადების პროგრამის გაცნობის მიზნით, გორში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის გაცნობის მიზნით, აკადემიის წარმომადგენლებმა გორში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

როგორც აკადემიაში აცხადებენ, აღნიშნული ღონისძიება საქართველოს რეგიონებსა და ქალაქებში (თბილისი, კასპი, გორი, ქარელი, ხაშური) საინფორმაციო ბროშურების დარიგებას და იუსტიციის სახლებში განთავსებას მოიცავს.

„აკადემიის წარმომადგენლები ახალგაზრდებს აცნობენ რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობით სამხედრო მომზადების პროგრამაზე მიღების პირობებს და პროცედურებს. ასევე, აწვდიან ამომწურავ ინფორმაციას სამხედრო განათლების მიღების პერსპექტივების და აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ“, - აცხადებენ აკადემიაში.

შეგახსენებთ, სამხედრო მომზადების პროგრამაზე საბუთების მიღება გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 9 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს.

პროგრამაზე საკუთარი სურვილით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, კონტრაქტის საფუძველზე მიიღებიან 30 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომელიც ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მე-3 და მე-4 კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირები არიან.

კვირის ამბები