სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, გოეთეს ინსტიტუტთან პარტნიორობით, პროექტს - „Mi Zi Inana“ უმასპინძლებს.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, 21-28 სექტემბერს მუზეუმში, შემოქმედებითი კომპასის ფარგლებში, არაერთი აქტივობა გაიმართება, რომლის ავტორიც მულტიმედია არტისტი და კირკე ექსპერიმენტული ცეკვისა და თეატრის პლატფორმის დამფუძნებელი მაკა კილაძეა. ავტორი მტკვარი-არაქსის კულტურას სხვადასხვა მედიუმის დახმარებით იკვლევს და უძველეს გამოცდილებას თანამედროვე ხელოვნების ენაზე თარგმნის.
რაც შეეხება ღონისძიებების ჩატარების განრიგს, 21 სექტემბერს 16:00 საათზე მულტიმედია ინსტალაცია-გამოფენა Mi Zi Inana (შუმერულიდან ქართულად ნიშნავს: „ჩვენ შორის ღმერთმა გაიარა“) გაიხსნება.
21 სექტემბერს 17:00-17:30 საათზე - ექსპერიმენტული ცეკვის ფილმის One Drop of Blue ჩვენებაა დაგეგმილი, 22 სექტემბერს 13:00-14:00 საათზე ზვიად შერაზადიშვილის საჯარო ლექცია „მტკვარ-არაქსის კულტურის პერიოდის სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთს შორის“ ჩატარდება, 22 სექტემბერს 14:00- 16:00 საათზე კი მაგიური კუბის ვორქშოპი და მოკლემეტრაჟიანი ფილმის -„ერთი წვეთი ცისფერის“ ანიმაციური ვერსის ჩვენება შედგება.
„ინსტალაცია Mi Zi Inana მულტიმედიური ნამუშევარია და დაკავშირებულია მითთან, რომელიც მტკვარი-არაქსის კულტურის გარშემო არსებობს. გამოფენის ფოკუსში ქალღმერთი ნანა ექცევა, რომელიც ნაყოფიერების ქალღმერთია და საკუთარ თავში მიწიერსა და მისტიკურს აერთიანებს. დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობის ფონზე, გამოფენა ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების საჭიროებასთან გვაბრუნებს.
ფილმი „ერთი წვეთი ცისფერი“ მომზადებულია კირკე - თანამედროვე ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენატული პლატფორმის მიერ, Saqanima-სა და Metallique-თან პარტნიორებით, რომელიც მტკვარი-არაქსის უძველესი კულტურის ინპირაციითაა გადაღებული უფლისციხეში. ეს მზის ქალაქი იყო - უფლის ქალაქი, სადაც ყველა ქურუმი და ქურუმთ-მსახური ცხოვრობდა.
ზვიად შერაზადიშვილის ლექცია აუდიტორიას გააცნობს მტკვარი-არაქსის კულტურის პერიოდის სავაჭრო და კულტურული ურთიერთობებს სამხრეთ კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთს შორის.
ვორქშოპის ფარგლებში კი, მაკა კილაძის მენტორობით, მონაწილეები დაამზადებენ მაგიურ, მოძრავ კუბებს, რომელიც ორიგამის ტექნიკას ეფუძნება. კუბები 72 სხვადასხვა ფორმას იღებს, მათ შორის ცხოველებისა თუ ფრინველების ფორმებს და სამყაროს მუდმივ ცვალებადობას განასახიერებს. ვორქშოპი ხელს უწყობს მონაწილეებს გაიძლიერონ სენსორულ-მოტორული უნარები, ფანტაზიის უნარი, იმუშაონ ობიექტებზე და წარმოიდგინონ ობიექტები როგორც დამოუკიდებლად, ასევე, როგორც რეკვიზიტი მოძრაობაში ადამიანების დახმარებით“, - ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.