საზოგადოება
04.09.2024 12:32
ვაცხადებთ, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ საქართველოში ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება - ირაკლი კობახიძე

მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ, საქართველოში ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

რადიკალებს და მათ მფარველებს მინდა შევახსენო, რომ დღეს სახელმწიფო და საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები დგანან მოწოდების სიმაღლეზე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ ,,ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს.

„26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე არის დარჩენილი 7 კვირა. დღემდე, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, არ გამოვლენილა არცერთი მეტ-ნაკლებად სერიოზული დარღვევა ან ინციდენტი, გამოვთქვამთ იმედს, რომ საარჩევნო პროცესები მომდევნო 7 კვირის განმავლობაშიც ანალოგიურ გარემოში წარიმართება. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამისათვის, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს, თუმცა, სამწუხაროდ, გვაქვს უარყოფითი მოლოდინი რადიკალური ოპოზიციის სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებით შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
პირველი - დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაახლოებით 60%-ს შეადგენს, რაც რადიკალურმა ოპოზიციამაც ძალიან კარგად იცის, ასეთ ვითარებაში, ისინი მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებით, ბუნებრივია, ნაკლებად არიან დაინტერესებულნი.

მეორე - ყველა წინა არჩევნების გამოცდილება შეგვახსენებს, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, გამონაკლისის გარეშე, ყოველთვის საარჩევნო გარემოს არევას ცდილობს ხოლმე, შესაბამისად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს არჩევნები იქნება ამ მხრივ გამონაკლისი.

მესამე - 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც გადაწყდება, შეძლებს ომის პარტია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას თუ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს. როგორც გლობალური ომის პარტიისთვის, ისე საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის სასწორზე იმდენად მნიშვნელოვანი რამ დევს, რომ ამ ფონზე, რისკები, ბუნებრივია, ერთი-ათად არის მომატებული.

ყველა ვხედავთ, რა მოვლენები ვითარდება ევროპასა და ამერიკაში. სლოვაკეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში, საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმეტეს სასიკვდილოდ.

ყველას გახსოვთ ღია მუქარაც, რომელიც ერთ-ერთი ევროკომისრის პირით შემოგვითვალეს. გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარიმართება გამოძიება ბატონ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის მომზადების საქმეზე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია. სწორედ ამიტომ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით, საარჩევნო შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით, რაც რადიკალური ოპოზიციის განსაკუთრებული გულისწუხილის მიზეზია.

უნდა აღინიშნოს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით, ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს. იგულისხმება ისეთი მოვლენები, როგორიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს მოჰყვა, აგრეთვე რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირება და ა.შ. ამ შემთხვევაშიც, ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება.

დასასრულს, აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების მოგების არავითარი იმედი არა აქვს და არჩევნების შემდეგ ვითარების ასარევად ემზადება. მათ ლექსიკონიდან ამოღებული აქვთ სიტყვები - „ქართულმა ოცნებამ არჩევნები თუ მოიგო“ და მუდმივად საუბრობენ სიტყვებით - „ქართულმა ოცნებამ არჩევნები თუ გააყალბა“. სრულიად ცხადია, რომ ისინი მორიგ ჯერზე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, შეეცდებიან სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას, თავდასხმას და ქვეყნის არევას, რასაც, მათი გათვლით, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და რადიკალური ოპოზიციის მიერ მეორე ფრონტის გახსნის დავალების შესრულება უნდა მოჰყვეს. ამ შემთხვევაშიც, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ საქართველოში ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

რადიკალებს და მათ მფარველებს მინდა შევახსენო, რომ დღეს სახელმწიფო და საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები დგანან მოწოდების სიმაღლეზე. სახელმწიფოს აქვს საკმარისზე მეტი რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანაში არეულობა ვერავინ შემოიტანოს. შესაბამისად, ვერცერთი პროვოკაცია წარმატებას ვერ მიაღწევს და ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებას მკაცრი სასჯელი დაუპირისპირდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ამავდროულად, პარტია ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.

კვირის ამბები