საზოგადოება
03.09.2024 12:01
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა შეიქმნება

ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა იფუნქციონირებს. ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მოპოვება კი დასაშვები იქნება შესაბამისი დაწესებულებების მიერ, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მსგავსი ბაზის შექმნას საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და განსახილველად პარლამენტს წარუდგინა.

„პროექტის მომზადება განპირობებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის არარსებობით გამოწვეული სირთულეებით. კერძოდ, ინფორმაციის დროული და სანდო წყაროს არარსებობის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ ვერ ხორციელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება. მაგალითად, გამოწვევას წარმოადგენს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების განხორციელების დროს, როგორიც არის „იარაღის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება და სხვა“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

კვირის ამბები