ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შიდა ქართლში მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში, მხარის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა შსს-ს საპატრულო პოლიციის წარმომადგენელთან და რეგიონის ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელებთან კონფერენცია გამართა. პანდემიის პირობებში არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა. შიდა ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელებმა მხარის რწმუნებულს კორონავირუსის გავრცელების მხრივ რეგიონში არსებულ რისკებზე, თვითიზოლაციაში მყოფ პირებსა და თვითიზოლაციის პროცესის მონიტორინგის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. ,,დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მივიღეთ თვითიზოლაციის პროცესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ამ მხრივ მონიტორინგი ძალზე მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია კოორდინირებულად მუშაობა. აღნიშნულის გარდა, მოვისმინეთ ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. რეგიონში ვითარება სტაბილურია, კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.
შიდა ქართლში, გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული პირების გარდა, თვითიზოლაციის რეჟიმში 25-მდე ადამიანი იმყოფება.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, შიდა ქართლის გუბერნატორის ხელმძღვანელობით რეგიონში საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი მოქმედებს. საქართველოს რეგიონებში შექმნილ საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას უწევენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი.