საზოგადოება
03.09.2024 11:59
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო და 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ ვებგვერდზე – vet. emis. ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, 2024 წლის მიღებისთვის, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ.

„2024 წელს გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად, მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად, გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან და სურვილის შემთხვევაში, უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის.

რეგისტრაცია, ასევე, მიმდინარეობს დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებზე, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, კონკრეტულ კომპანიაში“, - აცხადებენ სამინისტროში.

პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით მსურველებს დეტალური ინფორმაციის მიღება ცხელ ხაზის (+995 32 2200 220) საშუალებით შეუძლიათ.

 

კვირის ამბები