23 სექტემბრიდან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა იწყება.
აკადემიის ინფორმაციით, პროგრამაზე საკუთარი სურვილით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, კონტრაქტის საფუძველზე მიიღებიან 30 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომელიც ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მე-3 და მე-4 კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირები არიან.
„სასწავლო პროცესი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საქართველოს თავდაცვის კოდექსის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში წარიმართება. სწავლის გრაფიკი მაქსიმალურად თავსებადია სამოქალაქო სასწავლებლის გრაფიკთან, სალექციო სწავლება (სამხედრო საქმე) განხორციელდება კვირა დღეს, სულ 57 კვირა დღეს და იგი განხორციელდება აკადემიის ტერიტორიაზე. ხოლო პრაქტიკული კომპონენტი (საველე სწავლება) წარიმართება როგორც შაბათ, ისე კვირა დღეებში, სულ 8 შაბათ და 14 კვირა დღეს. პრაქტიკული კომპონენტი, აგრეთვე, მოიცავს 2 საველე სწავლებას, თითოეული განხორციელდება 2 კვირის განმავლობაში. პირველი ორკვირიანი საველე სწავლება განხორციელდება 2025 წლის 4 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო მეორე ორკვირიანი საველე სწავლება განხორციელდება 2026 წლის 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სამხედრო ვალდებულების მქონე პირს ეროვნული სამხედრო სამსახური ჩაეთვლება გავლილად. სწავლის პერიოდში პროგრამაზე ჩარიცხული პირები უზრუნველყოფილნი იქნებიან სტიპენდიით, ჯანმრთელობის დაზღვევით, კვებით და სანივთე ქონებით“, - ნათქვამია თავდაცვის აკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება პროგრამაში მონაწილეობას, პროგრამაზე ჩასარიცხი კანდიდატების შერჩევას კანდიდატთა მიმღები კომისია უზრუნველყოფს. შერჩევა განხორციელდება ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივის ჩაბარების, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და სპეციალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით.
სამხედრო მომზადების პროგრამაზე საბუთების მიღება უკვე დაიწყო და 9 სექტემბრის ჩათვლით გორში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაშია (ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კმ) შესაძლებელი.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ტელეფონის ნომერზე: 577 39 01 94; 599 90 15 61.