საზოგადოება
02.09.2024 12:42
გორის მერია 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ინიციატივა სკოლის 2023 წლის კურსდამთავრებულების ორ კატეგორიას ეხება. კერძოდ, გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს, ასევე, გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი) იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოუწიათ სწავლა.

„დაინტერესებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ შენდეგი საბუთები: განცხადება, პირადობის მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობის ასლი, ცნობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (რეესტრი), სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან, ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ და საბანკო ანგარიშის ნომერი.

დევნილის სტატუსის შემთხვევაში კი, გორის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივი მისამართის შესახებ ცნობა უნდა წარმოადგინოთ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარესებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული სამმართველოდან (ქ. გორი, სამების ქ. 1).

დოკუმენტაციის წარმოდგენა 2 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი“, - აცხადებენ გორის მერიაში.

გორის მუნიციპალიტეტის მერია 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს რამდენიმე წელია აჯილდოებს. წელსაც, წარმატებული სტუდენტების წახალისებას „საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების წახალისებისა და დაჯილდოების 2023 წლის პროგრამის“ ქვეპროგრამის - „სკოლის გარეშე განათლების ხელშეწყობა და დაფინანსება/თანადაფინანსების“ ფარგლებში გეგმავს.

კვირის ამბები