ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის შედგა შეთანხმება, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის პირველ ქვეპუნქტში გაჩნდეს შემდეგნაირი ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“, - ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ,,ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
ზვიადაძის განცხადებით, საპატრიარქოს მხრიდან პრინციპული თანხმობა არსებობს, მაგრამ საბოლოო რედაქცია კვლავ საპატრიარქოს წარედგინება და თანხმობის შემთხვევაში ჩაიწერება საქართველოს კონსტიტუციაში.
„სხდომებზე, რომელიც იმართებოდა 26 და 29 აგვისტოს, განიხილებოდა ის საკითხი, რა შემოთავაზებაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო. ეს პირველ რიგში, ეხებოდა კონსტიტუციის მე-8 მუხლს, სადაც საუბარია სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობის შესახებ. შემოთავაზება ასეთია, რომ პირველ ქვეპუნქტში გაჩენილიყო შემდეგნაირი ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“ და მეორე ქვეპუნქტი შემდეგნაირად რომ ჩამოყალიბდეს: რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიასა და თანამედროვეობაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. სულ ერთი სიტყვა ემატება: „საქართველოს ისტორიას“, რომ დაემატოს „თანამედროვეობა“, რაზეც საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან პრინციპული თანხმობაა. პირველი შემოთავაზება გულისხმობდა ინიციატივას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის ამაღლებისთვის უკეთესი ხომ არ იქნებოდა, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულიყო. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლებამ განმარტა, რომ ეს შემოთავაზებაც არანაირად არ გულისხმობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამენაირად შეზღუდვას მათი მხრიდან. თუკი ეს სტატუსი მისაღები იქნებოდა, ამავე დროს ჩაიწერებოდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის სრულად დამოუკიდებელი - ასეთი შემოთავაზება იყო, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი პასუხია, რომ ეკლესიისთვის ეს მიუღებელია, რადგან ეკლესია მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობის ის სამართლებრივი მოდელი, რაც დღეს არსებობს კონსტიტუციური შეთანხმების სახით საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალიურ, სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის - უნიკალურია“, - აღნიშნა ზვიადაძემ.