უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორში ღონისძიება გაიმართა.
ვერხვების დევნილთა დასახლებაში არსებულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან გამართულ ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, ადგილობრივი ხელისუფლების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
შეკრებილებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებს.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით აღინიშნა.
„უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანია, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების საკითხზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება და ცნობიერების ამაღლება, ასევე, ოჯახების თანადგომა და მათი გაუჩინარებული ახლობლების ხსოვნის უკვდავყოფა.
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ამ დრომდე, 2000-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, რომელთა მოძიება და ოჯახებისთვის დაბრუნება სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - განაცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ცნობისთვის, 30 აგვისტოს მსოფლიოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 1981 წელს, კოსტა რიკაში, ლათინურ ამერიკაში დაარსდა. საქართველოში კი, ოფიციალურად, ეს დღე 2011 წლიდან აღინიშნება.