საზოგადოება
30.08.2024 15:19
„ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ - საქართველოს მთავრობა ახალი პროგრამას იწყებს

საქართველოს მთავრობა ახალი პროგრამას - „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ - იწყებს.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 25 მილიონ ლარს შეადგენს, მიზანი კი, თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის გზით, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ხელშეწყობაა. პროგრამის ამოცანას, ასევე, წარმოადგენს ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობით, სათბურში წარმოებული პროდუქციის მოცულობის გაზრდა (მათ შორის, არასეზონურ პერიოდში).

რაც შეეხება დადგენილების კონკრეტულ დეტალებს, დოკუმენტში აღნიშნულია: „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ პროგრამა ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას დაფინანსების სახით, ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად (მათ შორის, საბრუნავი საშუალებებისთვის); პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება სატრანსპორტო საშუალებების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა და მისაბმელის შეძენა; პოტენციური ბენეფიციარის მიერ მისაღები სესხების ჯამური თანხის არანაკლებ 80% უნდა მოიცავდეს მხოლოდ ძირითადი საშუალებების შექმნას/შესყიდვას, ამასთანავე, სესხის თანხით განხორციელებული ნებისმიერი შესყიდვა (გარდა მომსახურებისა) უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირისაგან ან/და იმპორტის გზით; პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხ(ებ)ის ჯამური თანხა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 000 და არაუმეტეს 1 000 000 ლარს; დადგენილებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი არ შეიძლება მოხმარდეს ბენეფიციარის სხვა სესხების რეფინანსირებას/რესტრუქტურიზაციას და ა.შ.

მთავრობის დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია.

კვირის ამბები