კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში 33-მდე გაიზარდა. 3 ახალი შემთხვევა ცოტა ხნის წინ დადასტურდა.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, პაციენტები, რომლებსაც ინფიცირება დაუდასტურდათ, საშუალო ასაკის პირები არიან, მათგან, ერთი მამაკაცი და ორი ქალია. სამივე მათგანი კონტაქტში იყო მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ უცხოელებთან.
ცერცვაძის განცხადებითვე, საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა მეოთხეული შიდა გადაცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტი ისე დაინფიცირდება, რომ მან არ იცის, თუ ვისგან დაინფიცირდა. ამ სამივე ადამიანმა იცის თუ ვისთან ჰქონდა კონტაქტი.
ამასთან, ცერცვაძის განცხადებით, სამივე პირს, რომლებსაც კორონავირუსი დღეს დაუდგინდათ, ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ და მათ დაავადება დამოუკიდებლად შეიძინეს. დგინდება ამ ადამიანების კონტაქტები.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 73 ადამიანი გადის.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღესვე, პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის, იძულებით კარანტინში კიდევ 20 ადამიანი გადაიყვანა.
მთლიანობაში, თბილისსა და რეგიონებში, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 42 ადამიანია გადაყვანილი.