საზოგადოება
26.08.2024 15:38
1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლადაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა

1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლადაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამისთვის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები მომავალი წლიდანაც იქნება გათვალისწინებული.

„ქართულ ჯარზე ზრუნვა არის საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტი და ამ კუთხით, განსაკუთრებული მნიშვნელობა  ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების დაფასებას ენიჭება. ამიტომ მნიშვნელოვანია პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლადაშენებულ კორპუსებში  ბინები გადაეცემა. მადლობა თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის მინისტრს, იმისთვის, რომ ეს ინიციატივა ბოლომდე წარმატებით მივიდა. უფო მეტიც, პროგრამა უნდა გაგრძელდეს და მინდა ვთხოვო თავდაცვის მინისტრს, მოამზადოს შემდეგი ეტაპის გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადავცეთ ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში. რისთვისაც ბიუჯეტში შესაბამისი თანხები იქნება გათვალისწინებული მომავალი წლიდანაც“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, „ჯარის ქალაქი“ თბილისში მახათას მთაზეა განთავსებული. პროექტის ფარგლებში, აშენდა 7-სართულიანი კორპუსები, რომელშიც 1092 ბინაა განთავსებული. პროექტის სამშენებლო სამუშაოებს კერძო კომპანიის ნაცვლად, თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებს. სამხედროებს ექნებათ საშუალება, არა საბანკო სესხით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 200 დოლარი იქნება და სამხედრო მოსამსახურეებს ერთ კვადრატულ მეტრში, დაახლოებით, 100 დოლარის გადახდა მოუწევთ.

კვირის ამბები