გორელი ლევან მახათაძე პარამკლავჭიდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია.
მოლდოვაში გამართულ ჩემპიონატზე პარასპორტსმენმა მარჯვენა მკლავით ჭიდილში ყაზახი, უკრაინელი და სლოვაკი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
რაც შეეხება მარცხენა მკლავს, ფინალში უკრაინის წარმომადგენელთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
„ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. მძიმე წონით კატეგორიაში ვიასპარეზე. ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა და ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ. მსოფლიოს ჩემპიონი მეორედ გავხდი. გასულ წელს ყაზახეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მკლავით ჭიდილში ასპარეზობა ოქროს მედლით დავასრულე. მიღწეული წარმატება ჩემთვის დიდი მოტივაციაა, მუდამ ვიზრუნო საკუთარი თავის განვითარებაზე“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა ლევან მახათაძემ.
საქართველოს პარამკლავჭიდის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი გუნდური პირველი ადგილით დაასრულა (30 - ოქროს, 22 - ვერცხლის და 19 ბრინჯაოს მედალი).