სამართალი
22.08.2024 12:36
შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა 74 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 15 წლის გოგო დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2009 წელს დაბადებული გ. ყ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, - აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,,გორის მაცნეს“ ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს, ხაშურის განაპირას, ე.წ. ,,სტეკლიანის“ დასახლების მიმდებარედ მოხდა.

მოკლული მამაკაცი სურამის მკვიდრია. მისი ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი კერძო მანქანით ტაქსაობით იყო დაკავებული. ნაცნობები გარდაცვლილს დადებითად ახასიათებენ და  გამორიცხავენ არაოფიციალური წყაროებით ერთ-ერთ ვერსიად გავრცელებულ ინფორმაციას, მოზარდზე შესაძლო ძალადობის ან რაიმე სახის შესაძლო ზეწოლაზე.

ასევე არაოფიციალურად, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ბრალდებულის მხრიდან ძარცვა.

მოკლული და ბრალდებული, სავარაუდოდ, ერთმანეთს არ იცნობდნენ.

რაც შეეხება არასრულწლოვან ბრალდებულს, რომელიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, არსებული ინფორმაციით, იგი ადგილობრივი მკვიდრი არ არის და სურამში დასასვენებლად იმყოფებოდა.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2009 წელს დაბადებული გ. ყ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1950 წელს დაბადებულ ზ.ლ.- ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.ყ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

კვირის ამბები