საზოგადოება
15.03.2020 13:41
მიტროპოლიტ ანდრიას წინამძღვრობით, სასულიერო პირებმა გორი აკურთხეს

გორის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე იქადაგა.

მიტროპოლიტმა, საზოგადოებაში არსებული კითხვების პასუხად, ზიარების არსი დეტალურად განმარტა, ასევე, მრევლს კურთხევა მისცა, ინფიცირებულებისთვის ილოცონ. პარალელურად, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ასაკოვანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვირუსით ინფიცირების მხრივ გარკვეულწილად რისკჯგუფში არიან, ახალგაზრდა სტიქაროსნებს ცხელი ხაზის შექმნის კურთხევა მისცა, რის საშუალებითაც, მოხუც ან ავადმყოფ მოქალაქეებს გარკვეულ დახმარებას გაუწევენ.

წირვის დასრულების შემდეგ, მღვდელმთავრის წინამძღვრობით, სასულიერო პირებმა ქალაქი აკურთხეს.

GMnews-ი შეგახსენებთ, რომ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, მრევლს მარტის დასაწყისშიც მიმართა და სიმშვიდისა და ურთიერთთანადგომისკენ მოუწოდა.

,,უპირველეს ყოვლისა, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ვიქონიოთ სიმშვიდე, არ ავყვეთ დაუზუსტებელ ინფორმაციას, გავითვალისწინოთ და ყურადღებით მოვეკიდოთ მედიკოსების რჩევებს, გულისხმიერება და თანადგომა გამოვიჩინოთ ვირუსით დაავადებულ, ან კარანტინში მყოფთა მიმართ, იქნებიან ისინი ჩვენი, თუ საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნის მოქალაქეები. ნუ დაგვავიწყდება, რომ ვართ ადამიანები, გვაქვს ერთნაირი ფიზიკური ტკივილი და სიხარული.

ჩვენ უნდა გვწამდეს და გვახსოვდეს, რომ ყოველი მოვლენა ღვთისგანაა. მწუხარებამ, თუ სიხარულმა, ჭირმა თუ ლხინმა, უფრო მეტად უნდა განგვამტკიცოს და დაგვაახლოვოს, როგორც ღმერთთან, ისე ერთმანეთთან.

ხშირად წარმოვთქვათ საუფლო ლოცვა „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ“, „უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ“.

სახლში ვიკითხოთ ღვთისმშობლის დაუჯდომელი, ხშირად გადავისახოთ პირჯვარი, ჩვენც ვიცხოთ და ოჯახის წევრებსაც ვაცხოთ ნაკურთხი ზეთი შუბლზე, ყელზე და ხელებზე, დილით უზმოზე მივიღოთ ნაკურთხი წყალი.

არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ უახლოეს წარსულშიც: სტიქიური უბედურებები, ომები, სხვადასხვა სახის ვირუსიც. ღრმად მწამს, რომ ღვთის წყალობით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, ჩვენ ერთად, ერი და ბერი, გადავიტანთ ამ განსაცდელსაც და სიხარულითა და ურთიერთსიყვარულით შევეგებებით ქრისტეს აღდგომის დიად დღესასწაულს“, - აღნიშნავდა მიტროპოლიტი მიმართვაში.

 

კვირის ამბები