საზოგადოება
22.08.2024 11:06
ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის 105 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 105 წლისთავთან დაკავშირებით, გორში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი იმყოფებოდნენ.

აკადემიის დღესთან დაკავშირებით, სამწყობრო მოედანზე ბაკალავრიატის მეათე და საკანდიდატო კურსის მეცხრამეტე გამოშვებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ჩატარდა დიპლომების და წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიაც. იუნკერებს, ლეიტენანტის წოდებასთან ერთად, მიენიჭათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სპეციალობებში.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირად შემადგენლობას, იუნკერებს და მსმენელებს სწავლის წარმატებით დამთავრება ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას ეროვნული თავდაცვის აკადემიის მნიშვნელობაზე და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში ახალგაზრდა ოფიცრების როლზე ისაუბრეს.

„წელს ბაკალავრიატი 70-მა იუნკერმა, ხოლო უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსი 49 მსმენელმა დაასრულა. კურსდამთავრებულ იუნკერებს, ლეიტენანტის წოდებასთან ერთად, ასევე მიენიჭათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სპეციალობაში. ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებმა, რომლებიც კურსზე ჩაბარებამდე უკვე ფლობდნენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლება მიიღეს“, - აცადებენ თავდაცვის აკადემიაში.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია 1918 წლიდან, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იწყება. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დღის წესრიგში დადგა ოფიცერთა ეროვნული კადრების მომზადების საკითხი. „იუნკერთა სამხედრო სკოლამ“ ფუნქციონირება 1919 წლის 20 აგვისტოს დაიწყო. სწორედ ეს თარიღი განისაზღვრა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღედ.
კვირის ამბები