საზოგადოება
21.08.2024 14:37
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიზნების, ამოცანების და მეთოდოლოგიის გაცნობის მიზნით, გორში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიზნების, ამოცანების და მეთოდოლოგიის გაცნობის მიზნით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც ცნობილია, მოსახლეობის საყოველთაო აღწერითვის ძირითადი მონაცემების შეგროვება 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე გაგრძელდება, რა დროსაც თვითმმართველი ერთეულების და დასახლებების მიხედვით მიიღება დეტალური მონაცემები მოსახლეობის რაოდენობის და შემადგენლობის, ასევე, დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების შესახებ. 

„2024 წელს, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო აღწერაც ჩატარდება. შესაბამისად, გარდა დემოგრაფიულ და სოციალურ მონაცემებისა, ინფორმაცია შეგროვდება შინამეურნეობების და სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებაც.

აღწერას ექვემდებარებიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში დროებით არ მყოფი პირები, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები (ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობის მიუხედავად) და ქვეყანაში მყოფი მოქალაქეობის არ მქონე პირები“, - აღნიშნეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები  2025 წლის ივნისში გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, მოსახლეობის აღწერა საქართველოში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. ქვეყანაში ბოლო აღწერა 2014 წელს ჩატარდა.

კვირის ამბები