საზოგადოება
21.08.2024 14:22
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას ხანძრის რისკებთან დაკავშირებით აფრთხილებს

ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს.

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, ტყეში გადაადგილებისას დაიცვან გარკვეული წესები და დაემორჩილონ აკრძალვებს, რომელიც მიმართულია ხანძრის გაჩენის რისკების პრევენციასთან.

„ტყისა და ველის ხანძრების მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანთა დაუდევრობაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.

ტყის ფონდის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია მხოლოდ ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში, რაც ცეცხლის კერიდან 1,5 მეტრის რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას გულისხმობს.

ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიაწოდეთ ინფორმაცია სამაშველო სამსახურებს შემდეგ ნომრებზე: საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტი - 112; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი - 1501,“ - აცხადებენ სამინისტროში.

კვირის ამბები