საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა.
უწყების ინფორმაციით, ლიტერატურული კონკურსი ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება და ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება. კონკურსის ძირითადი მიზანი კი ქალი ავტორების ხელშეწყობა, წარმოჩენა და წახალისებაა. ამასთან, ერთი ნომინაცია შეეხება როგორც ქალ, ისე მამაკაც ავტორებს და გაიცემა ნაწარმოებისთვის, რომელიც ქალის თემას ეძღვნება.
რაც შეეხება კონკურსს, მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს.
საკონკურსოდ განიხილება პრემიის გამოცხადების წინა წელს წიგნად გამოცემული თანამედროვე ქალი ავტორის/ების ქართულენოვანი ან/და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხო ენაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები.
„კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ნომინაციებში: „ქალი პროზაიკოსი“ - საუკეთესო პროზაული კრებულისთვის; „ქალი პოეტი“ - საუკეთესო პოეტური კრებულისთვის; „ქალი მთარგმნელი“ - საუკეთესო თარგმანისთვის; „ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი“.
თითოეულ ნომინაციაში პრემია 5 000 ლარია (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით); კონკურსის გამარჯვებულს, ასევე, გადაეცემა სიგელი“, - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
ლიტერატურული პრემია „ანას“ მისაღებად საკონკურსო განცხადებები მიიღება უკვე დაიწყო და 9 სექტემბრის 12:00 საათამდე სამინისტროში (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4) ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეა შესაძლებელი.
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია დეკემბერში გაიმართება.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს სამინისტროს ცხელ ხაზზე (032 2 022229, მობ.: 599877816).
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ კონკურსი ლიტერატურული პრემია „ანა“ 2022 წელს დააარსა და წელს უკვე მესამედ ცხადდება. პრემია „ანასთვის“ წლევანდელი წელი განსაკუთრებულია - წელს ანა კალანდაძის, ქართული პოეზიის დედოფლის, დაბადებიდან 100 წელი გავიდა.