მობილობის ელექტრონულ პორტალზე სტუდენტთა რეგისტრაცია დღეს, 21 აგვისტოს დაიწყო და 9 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებულო საგანი/საგნები.
„დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებს, რომლებიც 2022 და შემდგომი წლების ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სტატუსი შეუჩერდათ ან/და შეუწყდათ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლებით, მობილობის უფლება წარმოეშობათ უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლის ხანგრძლივობის მიუხედავად.
სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი კი წინასწარ გადის კონკურსს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადებში მის მიერ დადგენილი წესით და პირობებით. სტუდენტმა, კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, უნდა მიმართოს თავად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
მობილობის მსურველმა დეტალური ინფორმაცია შეუძლია იხილოს: students. emis. ge/ VacancyInfo“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მობილობის შედეგების ნახვა მობილობის ელექტრონულ პორტალზე 12 სექტემბერს იქნება შესაძლებელი.