20 აგვისტოს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღე აღინიშნება.
გორში განთავსებული ეროვნული თავდაცვის აკადემია ქვეყნის წამყვანი უმაღლესი სამხედრო სასწავლებელია, რომელიც ქართული თავდაცვის ძალებისთვის აკადემიური უმაღლესი და სამხედრო განათლების მქონე ოფიცერთა მომზადებას უზრუნველყოფს.
საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია 1918 წლიდან, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იწყება. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ხელმძღვანელობით, 1919 წლის შემოდგომაზე, ქართველ იუნკერთა სამხედრო სკოლა შეიქმნა, რომელიც 1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად ამ დასახელებით გაუქმდა.
1921 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მე-11 წითელ არმიის შენაერთებთან ბრძოლაში ქართული სამხედრო სკოლის უკვე 148 იუნკერი მონაწილეობდა. ისინი ბოლომდე იდგნენ საბრძოლო პოზიციებზე. ქართულ სინამდვილეში სიტყვა „იუნკერი“ დამკვიდრდა, როგორც თავდადების, ღირსებისა და პროფესიული მოვალეობისადმი ერთგულების სიმბოლო.
1993 წლის 28 მაისს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო აკადემია შეიქმნა, რომელმაც სტუდენტების პირველი ნაკადი 1993 წლის 1-ელ სექტემბერს მიიღო. 2003 წლის 20 თებერვალს აკადემიას დავით აღმაშენებლის სახელი მიენიჭა, 2009 წლიდან კი სასწავლებელი გორშია განთავსებული.
ამჟამად აკადემიაში წარმატებით ფუნქციონირებს საბაკალავრო სკოლა, მაგისტრატურა, უმცროს ოფიცერთა სკოლა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.