ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან არჩევნების თემაზე დასმულ კითხვაზე კომენტირებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურით თქმით, ეს არჩევნები არის უკიდურესად პრინციპული არჩევნები.
„რეგიონებში უკვე დაწყებულია აქტიური მუშაობა, ამ დღეებში ჩვენ ასევე თბილისში დავასახელებთ დელეგატებს და შესაბამისად, თბილისშიც სრულად ჩაირთვება კამპანია და რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი გზავნილები ბოლომდე მივიტანთ საზოგადოებამდე. ამას ისედაც ვაკეთებდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ საარჩევნო კამპანია გაძლევს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებთან უშუალოდ მიხვიდე და ესაუბრო იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებასთანაა დაკავშირებული. ეს არჩევნები არის უკიდურესად პრინციპული არჩევნები. ყველა წინა არჩევნები იყო პრინციპული, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ ასეთი პრინციპული დღემდე არცერთი არჩევნები არ ყოფილა. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ეს არის რეფერენდუმი პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის და რეალურად, აქ არჩევანის გაკეთება მარტივია. არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობის სასარგებლოდ, მორალის სასარგებლოდ და არჩევანი უნდა გაკეთდეს ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.