საზოგადოება
19.08.2024 10:29
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას ზეიმობს

დღეს, 19 აგვისტოს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება.

ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თაბორის მთაზე იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფის - პეტრეს, იაკობის და იოანეს წინაშე თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა - ფერი იცვალა.

სახარების მიხედვით, ამ დროს მაცხოვართან ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი იმ ვნების და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. შემდეგ, მოციქულებს თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე იგი მკვდრეთით არ აღდგებოდა.

როგორც ცნობილია, იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს) - მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს - თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა.

კვირის ამბები