საზოგადოება
16.08.2024 13:51
საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მხარდასაჭერად მთავრობა 2024-2028 წლებში 10 მილიონ ლარს დახარჯავს

საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მხარდასაჭერად მთავრობა 2024-2028 წლებში 10 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს,  -  ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა  შემდეგი კომპონენტებისგან შედგება:

სამედიცინო დახმარება და/ან მედიკამენტების დაფინანსება - გამოკვეთილი სამედიცინო საჭიროების მქონე ბენეფიციარებს 1 500 ლარის ფარგლებში უფინანსებდათ მწვავე, ქრონიკული და/ან სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პირებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, მედიკამენტოზური მკურნალობა. გარდა ამისა, კომპონენტის ფარგლებში ფინანსდება ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.

დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა - კომპონენტის ფარგლებში ხდება საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი მიგრანტების დაბრუნებისთანავე, გამოკვეთილი საჭიროებების შემთხვევაში, ბენეფიციარის არაუმეტეს 6 ღამით დროებითი განთავსების უზრუნველყოფა.

პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა - ხელი ეწყობა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას ასევე 1 500 ლარის ფარგლებში პროფესიული სწავლების დაფინანსება.

სოციალური ინიციატივების დაფინანსება ან ეკონომიკური აგენტის სუბსიდირება -ბენეფიციარის პროფესიიდან, ცოდნიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, თვითდასაქმებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ფინანსდება ბიზნეს პროექტები. კომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია როგორც დამწყები პროექტის, ასევე, მიმდინარე საქმიანობის გაძლიერების მიზნით არსებული ბიზნესის მხარდაჭერა. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება არაუმეტეს 6000 ლარის ღირებულების ტექნიკა-დანადგარების და სხვა ძირითადი საშუალებების შესყიდვა.

ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით თანხის გაცემა - გამოკვეთილი საჭიროებების შემთხვევაში, ისეთი გარემოებების არსებობისას, როგორიცაა დოკუმენტაციის აღდგენა, ბინის ქირა, პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენა და სხვა, ფინანსური სირთულეების დაძლევის მიზნით გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება ოჯახზე არაუმეტეს 300 ლარისა. ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით ფინანსდებიან მხოლოდ ისეთი ბენეფიციარები (ოჯახები) რომელთაც არ აქვთ რეგისტრირებული უძრავი ქონება, არ გააჩნიათ შემოსავალი (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური გასაცემელისა) და ჰყავთ 1 არასრულწლოვანი შვილი მაინც, რომელიც იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე.

დაბრუნებული მიგრანტი ბავშვებისთვის სპორტული/შემოქმედებითი/შემეცნებითი კურსების დაფინანსება - დაბრუნებული მიგრანტი არასრულწლოვანი ბენეფიციარების რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ფინანსდება სპორტული და შემოქმედებითი კურსები ერთი წლის მანძილზე 1 500 ლარის ფარგლებში.

უწყების ცნობით, 2019-2023 წლებში აღნიშნული პროგრამის სხვადასხვა კომპონენტებით, ჯამში, 1 100-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.

 

 

 

 

 

 

 

კვირის ამბები