საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების მონაწილეებს, ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით, საპრეტენზიო განაცხადების შევსება დღეს, 16 აგვისტოს, 10:00 საათიდან შეუძლიათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საპრეტენზიო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge .
„განაცხადის შევსებამდე გამოსაცდელმა უნდა გადაიხადოს საფასური 50 ლარი. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში. ქულის ცვლილების (მომატების ან დაკლების) შემთხვევაში, თანხა განცხადების საფუძველზე უკან ბრუნდება.
გაითვალისწინეთ: ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოთ შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისთვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოთ განაცხადი“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს დამოუკიდებელი კომისია.
ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების შევსება 20 აგვისტოს 18:00 საათამდეა შესაძლებელი.