გორის ხელოვნების სახლი და ექსპერიმენტული სივრცე სახელოვნებო და სამრეწველო საქმიანობისთვის - „ყველაფრის მაღაზია“ ინოვაციურ სახელოვნებო პროექტში - „ყველაფრის მაღაზია /გორი-თბილისი“ მონაწილეობისთვის რეგისტრაციას 17 აგვისტომდე აგრძელებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი მოიცავს ერთკვირიან ინტერაქტიურ ვორქშოპს და გამოფენას გორის ხელოვნების სახლში. რაც შეეხება მონაწილეების შერჩევას, პროექტში ჩართვა შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხელოვანებს და ხელოვნებით დაინტერესებულ პირებს.
„ერთობლივ ვორქშოპში, ასევე, ჩაერთვებიან ხელოვანები „ყველაფრის მაღზიის“ გუნდიდან. მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტირებით, სამუშაო სივრცით, შესაბამისი მასალებით და ინსტრუმენტებით. რეგისტრაციისთვის საკმარისია თქვენს შესახებ მოკლე ინფორმაციის გამოგზავნა ტექსტის სახით (სურვილის შემთხვევაში პორტფოლიო) kvelaprismagazia@gmail.com-ზე.
17 აგვისტოს, ასევე, გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, რომელზე დასასწრებადაც ვიწვევთ არა მხოლოდ რეგისტრირებულ მონაწილეებს, არამედ ყველა დაინტერესებულ პირს, ვინაიდან პრეზენტაციაზე გაცნობილი იქნება ყველაფრის მაღაზიის კონცეფცია, რომელიც შემოქმედებით პროცესში ფართო საზოგადოების სხვადასხვა მხრივ ჩართულობის შესაძლებლობას იძლევა“, - აცხადებენ ორგანიზატორები.