საზოგადოება
15.08.2024 12:32
დევნილებისთვის ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღებასთან დაკავშირებით, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა დაიწყო

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს გორის, თბილისის, ქუთაისის და რუსთავის სამმართველოებში,  ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღებასთან დაკავშირებით, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა უკვე შესაძლებელია.

უწყებამ პირველ ეტაპზე ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებთან დაკავშირებით, დევნილი ოჯახების მიერ შეტანილ განაცხადებზე მინიჭებულ წინასწარი ქულები გამოაქვეყნა.

„სიის გამოქვეყნების მიზანია, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მიეცეთ შესაძლებლობა დამატებით წარმოადგინონ დოკუმენტაცია 15 სამუშაო დღის ვადაში. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, წინასწარი ქულები გადაფასდება, რის შემდგომაც განახლებული სია გამოქვეყნდება.

კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, დაიგეგმება და განხორციელდება ოჯახების მდგომარეობის შესწავლა მინისტრის 01-30/ნ ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

შესწავლილი განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. ბინების განაწილების პროცესი მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება“, - აცხადებენ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.

დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე: თბილისი - თამარაშვილის ქ. N15ა - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო;

ქუთაისი - აბაშიძის გამზ. N27 - სააგენტოს ტერიტორიული სამმართველო

რუსთავი - ი. ცურტაველის  ქ. N5ა სააგენტოს ტერიტორიული სამმართველო

გორი - სამების ქ. N1- სააგენტოს ტერიტორიული სამმართველო

ინფორმაციის წარდგენა, შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ნებისმიერ იუსტიციის სახლშიც.

კვირის ამბები