მომსახურების სააგენტომ საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემა დაიწყო, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
უწყება ერთწლიან დოკუმენტს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციის გათვალისწინებით გასცემს. საერთაშორისო მართვის მოწმობის აღება ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზეა შესაძლებელი და საქართველოს ფარგლებს გარეთ, ჟენევის კონვენციის წევრ ქვეყნებში მოქმედებს.
მომსახურების სააგენტოს მიერ, ასევე, გაიცემა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობაც, რომელიც მოქმედია სამი წლის ვადით.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ დოკუმენტს კი იურიდიული ძალა გააჩნია საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვენის კონვენციის წევრ ქვეყნებში.
„საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ეროვნული მართვის მოწმობა“, – ნათქვამია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.