საზოგადოება
13.08.2024 15:05
მეფუტკრეების მხარდასაჭერად მიზნობრივი პროგრამა განხორციელდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის განვითარების სააგენტო „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამას“ განახორციელებს.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მეფუტკრეებს  სკების ღირებულების  50% (არაუმეტეს 70 ლარი,  ერთ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით არაუმეტეს 5 000 ლარი) დაუფინანსდებათ .

როგორც სააგენტოში აცხადებენ, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახი (10 სკა), ხოლო მოთხოვნილი სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის გაკეთების მომენტისთვის საფუტკრე მეურნეობაში რეგისტრირებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობის 150%-ს.

პროგრამის აუცილებელი პირობაა ისიც რომ პოტენციური ბენეფიციარი რეგისტირებული იყოს ბიზნესოპერატორად და საფუტკრე დარეგისტრირებული ჰქონდეს  ცხოველთა  იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS).  

„აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო  მეფუტკრეობის განვითარებას არაერთი  პროგრამის თუ პროექტის საშუალებით უჭერს მხარს, რომელთა მიზანი ხარისხიანი თაფლის წარმოების  მდგრადობის ხელშეწყობა, დარგობრივ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და საერთაშორისო ბაზარზე ქართული თაფლის შესახებ ცნობადონის ზრდაა, რაც სამომავლოდ შესაძლებელს  გახდის, მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი მოხვდეს როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები