დღეიდან, 13 აგვისტოდან ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტების საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, განაცხადები მხოლოდ ელექტრონულად, ვებგვერდზე: online. naec. ge მიიღება და 15 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება.
„სააპელაციო განაცხადის შევსებამდე მონაწილემ, „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმების მეშვეობით, აპელაციის საფასური 50 ლარი უნდა გადაიხადოს (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უკან დაბრუნდება).
რაც შეეხება სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქციას, აპელაციისათვის განკუთვნილი ღილაკის გამოყენების შემდეგ შესაბამის ველებში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდი.
ღილაკის - „შესვლა“ - გამოყენების შემდეგ იწყებთ ტესტის იმ ნაწილების მონიშვნას, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ პროცესის დასრულების შესაძლებლობას). ამ აღნიშვნების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს შეინახავს, როგორც დროებითს, რომელშიც არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილების შეტანა. დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“.
გაითვალისწინეთ, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება გათანაბრებული ქულებიც. გათანაბრებული ქულა არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება გადალახა თუ არა ზღვარი მაგისტრანტობის მსურველმა ტესტის თითოეულ ნაწილში.
საპრეტენზიო განაცხადებს დამოუკიდებელი კომისია განიხილავს“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრჩელებულ ინფორმაციაში.