აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელურად, ახალი 1800 მ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.
ახალი 1800 მ-იანი გვირაბი რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებულ და მშენებარე გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია და როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, ავტოტრანსპორტი ახალი გვირაბით იმოძრავებს, ძველ გვირაბში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ძველ გვირაბში განახლდება გზის საფარი, გამოიცვლება სანათები და დამონტაჟდება საგზაო უსაფრთხოების აუცილებელი სისტემები.
„ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს რიკოთის ახალი ჩქაროსნული გზის 36 კმ-ით, რომელიც 77 ხიდს და 43 გვირაბს მოიცავს. რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, 52 კმ სიგრძის 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა, 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება. რიკოთის 51 გვირაბიდან 50 გვირაბი და 97 ხიდიდან 89 ხიდი უკვე აშენებულია. ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, განათების სისტემას ითვალისწინებს“, - აცხადებენ სამინისტროში.