საზოგადოება
13.08.2024 12:05
მრავალბინიანი სახლების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, გორში სახურავების რეაბილიტაცია განხორციელდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, სუხიშვილის №14-ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მსგავსი სამუშაოები, ასევე, სამი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის (რომელაშვილების  №179 და  №176, შინდისის გმირების გამზირი  №22) სახურავს ჩაუტარდა.

„სახურავების გადახურვა, ეზოს მოასფალტება, სასმელი წყლის, საკანალიზაციო სისტემების, კორპუსების ფასადების, ლიფტების და სადარბაზოების რეაბილიტაცია - ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებას კი მუნიციპალიტეტი სრულად (100%) აფინანსებს.

პროექტის საერთო ღირებულების 90%-იანი თანადაფინანსების შემთხვევაში, თვითმმართველობა სრულად ფარავს ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსურ წილსაც.

პროგრამა მოქალაქეებს მათივე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს“, - აცხადებენ გორის მერიაში.

 

 

კვირის ამბები