საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე ნაწილის (წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) პირველადი შედეგები გამოქვეყნდა.
საკუთარი შედეგის გასაგებად მონაწილე უნდა შევიდეს შედეგების გვერდზე. სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრით და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.
„იმ შემთხვევაში, თუ არ გახსოვთ კოდი, უნდა შეხვიდეთ თქვენს სარეგისტრაციო გვერდზე რეგისტრაციის დროს მიღებული ხუთნიშნა პაროლით და თერთმეტნიშნა პირადი ნომრით, შემდეგ კი გახსნათ საგამოცდო ბარათი.
გაითვალისწინეთ, რომ ტესტის 4 ნაწილიდან ნებისმიერ სამში კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა საკმარისია იმისათვის, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაგეთვალოთ, თუმცა, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას შეუძლია, თავად დაადგინოს ის 3 ნაწილი, რომლებშიც მოითხოვს ბარიერის დაძლევას და სხვა.
იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას, შეუძლია მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საპრეტენზიო განაცხადით“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.