საზოგადოება
12.08.2024 12:23
სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის სავალდებულო ბალისტიკური შემოწმების ვადა გახანგრძლივდა

სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის სავალდებულო ბალისტიკური შემოწმების ვადა 2024 წლის 1-ელ დეკემბრამდე გახანგრძლივდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, იარაღის მესაკუთრე ვალდებულია, ბალისტიკური შემოწმების მიზნით, მომსახურების სააგენტოში  2023 წლის 1-ელ აგვისტომდე მის სახელზე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი წარადგინოს.

„აღნიშნული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა, რეგისტრაცია და რეგისტრაციის შედეგად გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა იურიდიული ძალის არმქონედ მიიჩნევა და გამოიწვევს იარაღის მესაკუთრისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას“, - აცხადებენ სააგენტოში.

იარაღის მესაკუთრე ბალისტიკური შემოწმებისთვის დაწესებული საფასურისგან თავისუფლდება.

შეგახსენებთ, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს გაიხსნება.

კვირის ამბები