2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდის - შინდისის ბრძოლიდან 16 წელი გავიდა.
2008 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის ძალების სენაკის ბატალიონის მე-2 ქვეითი ბრიგადა, საინჟინრო ქვედანაყოფთან ერთად, საავტომობილო კოლონით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც, შინდისის რკინიგზის სადგურთან, ქართული ქვედანაყოფი რუსული მოტომსროლელი ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა.
შეტაკებისას, ორმხრივი სროლა 70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, ალყაში მოქცეულ ქართულ ქვედანაყოფს მცირე საბრძოლო რესურსი ჰქონდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვედანაყოფმა მოწინააღმდეგეს დიდი ზიანი მიაყენა.
შინდისის გმირების მემორიალთან საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, დაღუპულთა ოჯახის წევრები და თანამებრძოლები იმყოფებოდნენ.
დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყოთ ის გმირობა, რომელიც მათ ჩაიდინეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, შინდისის გმირები არიან პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის და თავგანწირვის მაგალითი.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყოთ ის გმირობა, რომელიც მათ ჩაიდინეს. უფრო მეტიც, ეს გმირობა არის ის, რაც თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს. ამ ბიჭებმა აჩვენეს გაუტეხელი ქართული სული. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ გმირების მშობლებს, რომლებმაც ასეთი გმირები აჩუქეს სამშობლოს. მათ მოგვცეს ჩვენ პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის და თავგანწირვის მაგალითი. ჩვენი ვალია, ამ გმირების წინაშე, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის და მშვიდობის შენარჩუნებისთვის ამ ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა.
2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.