საზოგადოება
08.08.2024 15:47
სურსათის და სასმელი წყლის 1600-ზე მეტი ნიმუშია აღებული - სურსათის ეროვნული სააგენტო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მეორე კვარტლის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. სააგენტოს ინსპექტორებმა მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში, მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა მაჩვენებელზე საკვლევად, სურსათისა და სასმელი წყლის 1600-ზე მეტი ნიმუში/სინჯი აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს.

სააგენტოს ინფორმაციით, კვლევის შედეგად დარღვევა 168 ნიმუშში აღმოჩნდა, რაც საერთო მაჩვენებლის მხოლოდ 10%-ია. გამოვლენილ შეუსაბამობებზე გატარდა კანონით განსაზღვრული ღონისძიებები - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ ან/და დაევალათ სურსათის რეალიზაციის აღკვეთა, ბაზრიდან გამოთხოვა, დასაწყობება და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება.

„ნედლი რძის 63 ნიმუშიდან ბრუცელოზი გამოვლინდა 3 შემთხვევაში; რძის და რძის ნაწარმის 90-ზე მეტი ნიმუშიდან მცენარეული ცხიმის შემცველობა ყველის სამ ნიმუშში აღმოჩნდა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლენილი ალერგენების შესახებ ეტიკეტზე ინფორმაციის არასრულყოფილად დატანისთვის ალკოჰოლური სასმელების ორი მწარმოებელი დაჯარიმდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დარღვევები არ დაფიქსირდა ტყვიაზე, GMO-ზე, ტრანსცხიმებზე, კალციუმის შემცველობაზე, ჰისტამინზე, ლისტერიასა და პესტიციდების ნარჩენებზე სურსათის კვლევისას, აგრეთვე, სახეობრივი კვლევისას არ გამოვლენილა ვირისა და ცხენის ხორცი.

მიმდინარე წელს უკვე აღებულია სურსათისა და სასმელი წყლის 3000 ნიმუში/სინჯი, წლის ბოლომდე 6000-ზე მეტი ნიმუშის/სინჯის აღებაა დაგეგმილი“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები