გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან სანთლების ტრადიციული აქცია მოეწყო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მემორიალის მიმდებარედ დაიდგა ინსტალაციაც, სადაც აგვისტოს ომში დაღუპული, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცების სახელები და გვარები იყო გამოსახული.
„კიდევ ერთხელ გავიხსენეთ 2008 წლის აგვისტო და პატივი მივაგეთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც რუსეთ-საქართველოს ომს შეეწირა. 16 წლის წინ გორმა მძიმე დღეები გამოიარა. ყოველთვის ვიამაყებთ ჩვენი გმირებით, ქედს ვიხრი ყველას წინაშე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა მალე დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა ხაზი გაუსვა უთანასწორო ბრძოლაში ქართველების თავდადებას.
„ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის და მშვიდობიანი მოქალაქის წინაშე, რომლებიც ამ უთანასწორო ბრძოლას შეეწირნენ და დარწმუნებული ვარ, რომ მათი ცხოვრება გახდება ჩვენი მარადიული სულიერი საგზალი. საქართველო არავის წინაშე არასოდეს დაიჩოქებს“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.
გმირთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა, დროშები დაშვებულია საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებშიც.