საზოგადოება
13.03.2020 15:09
რამდენიმე ბანკი მომხმარებელს სესხებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19 გავრცელებით გამოწვეული ვითარების გამო, „საქართველოს ბანკმა“, „თიბისი ბანკმა“, „ლიბერთი ბანკმა“ და „ვითიბი ბანკმა“ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი გამოაცხადეს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე, ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი. საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს“, - ნათქვამია „თიბისი ბანკის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს ბანკმა“ კი, სესხების სამთვიანი საშეღავათო პირობების შესახებ განცხადება გუშინ საღამოს გაავრცელა: „მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირება. სწორედ ამიტომ, ფილიალების განტვირთვის მიზნით, სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდსა და დისტანციურ მომსახურებას შევთავაზებთ ყველა ფიზიკურ პირს“.

„ლიბერთი ბანკი“ ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც ამ ბანკის მიმართ სასესხო ვალდებულებები გააჩნია, 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. შეთავაზება ავტომატურად ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც (პენსია, სოციალური სარგო, დევნილობა და დემოგრაფიული შემწეობა). „ქვეყანაში შექმნილი გარემოების გამო, „ლიბერთი ბანკი“ ითვალისწინებს ტურიზმის სექტორის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გამოწვევებს და ამ სექტორში მოქმედ მომხმარებლებს სთავაზობს დროულ, მოქნილ და მათი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ შეღავათიან პირობებს. შეღავათებთან დაკავშირებით, ბანკი, მომხმარებლებს, დეტალურ ინფორმაციას, ორშაბათიდან, ინდივიდუალურად მიაწოდებს“, - ნათქვამია „ლიბერთი ბანკის“ ოფიციალურ განცხადებაში.

ანალოგიური შეთავაზება აქვს მომხმარებლებისთვის „ვითიბი ბანკსაც“. „მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ყველა ფიზიკურ ფიზიკურ პირს, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებლებს, სესხების ყოველთვიურ შენატანზე გთავაზობთ სამთვიან საშეღავათო პერიოდს. შეღავათი ეხება ყველა ტიპის სესხს (ძირზე და პროცენტზე), როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში“, - ვკითხულობთ „ვითიბი ბანკის“ ოფიციალურ განცხადებაში.

ბანკებში მომავალი კვირიდან დაიწყება შესაბამისი პროცედურების გატარება და მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება. ამასთან, აღნიშნული პროცესი დისტანციურად, ბანკში მიუსვლელად განხორციელდება.

კვირის ამბები