სპორტი
07.08.2024 15:07
ლიზა ლობჟანიძე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია - პრეცედენტი გორის კრივის ისტორიაში ქალთა შორის პირველად მოხდა

გორელი სპორტსმენი ლიზა ლობჟანიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში მოსწავლე-მოკრივეთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, პრეცედენტი გორის კრივის ისტორიაში ქალთა შორის პირველად მოხდა.

სპორტსმენმა მეოთხედფინალში ლიეტუველი მოკრივე გინტარე აუზელიტე დაამარცხა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ლიზა ლობჟანიძე, რომელიც ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის წარმომადგენელია (პირადი მწვრთნელი ბადრი ყულუმბეგაშვილი), ცნობილი გორელი მოკრივის, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის და ამჟამად საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ბექა ლობჟანიძის შვილია.

აღსანიშნავია, რომ ლობჟანიძის გარდა, ევროპის ჩემპიონატზე გორელი თემურ პავლიაშვილი (57 კგ.) და ვარიანელი ზაზა მდინარიძე (44 კგ) და ნიკოლოზ ხიზანაშვილი (46 კგ) ასპარეზობენ და სპორტსმენებმა პირველი შეხვედრები მოიგეს.

შეჯიბრში საქართველოს სახელით 13 ბიჭი და 10 გოგონა სპორტსმენი ასპარეზობს.

კვირის ამბები