კულტურა
07.08.2024 15:05
„დიდი ლიახვის ხეობის ტრადიციები - სოფელი კეხვი“ - გორის ხელოვნების სახლი დღეს გამოფენას უმასპინძლებს

„დიდი ლიახვის ხეობის ტრადიციები - სოფელი კეხვი“ - ამ სახელწოდებით დღეს, 7 აგვისტოს, გორის ხელოვნების სახლში გამოფენა გაიხსნება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა მიზნად ისახავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, კერძოდ, დიდი ლიახვის ხეობის სოფელ კეხვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევის შედეგების წარდგენას.

„გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტო და ტექსტუალური მასალა დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს, გაეცნოს სოფელ კეხვის მდიდარ მემკვიდრეობას, მის წარსულს, დღევანდელ რეალობას და მოისმინოს კეხველების სიტყვებით მოთხრობილი ისტორიები სოფლის ცხოვრების და ტრადიციების შესახებ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე და მის შემდგომ“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ღონისძიება ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

გამოფენას გორის ხელოვნების სახლი (მის.: დავით გურამიშვილის 5) 16:00 საათიდან უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.

კვირის ამბები