გორის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია გრძელდება და სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიამ ოთხი პროექტით გათვალისწინებული ტენდერი უკვე გამოაცხადა.
რაც შეეხება ლოკაციებს, სადაც შესაბამისი სამუშაოები განხორციელდება, ერთ-ერთი სოფელი ფლავია. სოფელში მოეწყობა შიდა საუბნო გზის 940-მეტრიანი მონაკვეთი. პროექტის ღირებულება კი 828 225 ლარია.
ტენდერი გამოცხადებულია სოფელ მეჯვრისხევში სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მიზნითაც, რომლის სიგრძე 279 მეტრია, ხოლო სავარაუდო ღირებულება - 281 915 ლარი.
ასევე, განხორციელდება სოფელ მერეთში სასაფლაოსთან მისასვლელი, 198-მეტრიანი გზის რეაბილიტაციაც (სავარაუდო ღირებულებით 155 910 ლარი).
კიდევ ერთი ლოკაცია კი, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა იგეგმება, გორში, ჯორბენაძის ქუჩის გზის 488-მეტრიანი მონაკვეთია, რომლის რეაბილიტაციისთვის 744 960 ლარია გათვალისწინებული.