საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე საასპარეზოდ პარიზში უკვე გაემგზავრა.
სპორტის აღნიშნულ სახეობაში საქართველოს ღირსებას ოთხი მოჭიდავე დაიცავს, რომელთაგან ორი გორელი - გენო პეტრიაშვილი და გორდერძი ძებისაშვილია.
რაც შეეხება ასპარეზობის განრიგს, მძიმე წონაში მოასპარეზე, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი - გენო პეტრიაშვილი 9 და 10 აგვისტოს, ხოლო ოლიმპიადის დებიუტანტი, საქართველოს ჩემპიონი და არაერთი ტურნირის გამარჯვებული გოდერძი ძებისაშვილი 10-11 აგვისტოს იჭიდავებს.
ორივე გორელი სპორტსმენი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია. პეტრიაშვილის მწვრთნელი - არჩილ ბარამიძე, ძებისაშვილის კი არკადი ხინჩიკაშვილია.
ზემოაღნიშნული მოჭოდავეების გარდა, საქართველოს ნაკრების რიგებში ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ.) და გივი მაჭარაშვილია (97 კგ.).
შეგახსენებთ, საფრანგეთის დედაქალაქი ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებს 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს - მილიონი, ვერცხლის მედალოსანს - ნახევარი მილიონი, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს 250 ათასი ლარი გადაეცემა.