საზოგადოება
05.08.2024 14:02
ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სამთავრობო პროგრამა იწყება

2024 წლის სექტემბრიდან 4-თვიანი სამთავრობო პროგრამა - ანაზღაურებადი სტაჟირება იწყება.

გორის მუნიციპალიტეტში სტაჟირების გავლის მსურველთა განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და რეგისტრაცია 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

კონკურსი 2 ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე სტაჟირების მსურველთა განაცხადების მიღება და გადარჩევა, ხოლო შემდეგ გასაუბრება ჩატარდება.

„პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ასევე, სწავლობენ მეორე საფეხურზე და დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი, ან მეორე საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

კანდიდატთა შერჩევის დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი სტუდენტის აკადემიური მოსწრება იქნება. გასაუბრებისას თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში, უპირატესობა უმაღლესი მოსწრების აპლიკანტს მიენიჭება.

პროგრამაში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე - HR. GOV. GE. უნდა გაიარონ“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ახალგაზრდა მიიღებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობას საჯარო სტრუქტურებში და როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პროექტი ახალგაზრდებისთვის კარიერული წინსვლის მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის. ისინი გაეცნობიან საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მომავალში მათ კარიერულ წინსვლას და განვითარებას.

კვირის ამბები